Wednesday, August 25, 2021

"წარმატება მიდის მასთან, ვინც ამას ელოდება და მოიპოვებს"

ტეხასში, უნივერსიტეტის ერთი ჯგუფი სტუდენტური დებატებისთვის ემზადება. წინ დიდი ბრძოლა ელოდებათ... მთავარი გამოწვევა რასიზმია. მათი ბრძოლის იარაღი კი სიტყვები. სიტყვა მხოლოდ ბგერების ერთობლიობა არ არის. სიტყვებს სამყაროს შეცვლა შეუძლია! სამყაროც ხომ სიტყვით შექმნა ღმერთმა. წარმოგიდგენთ დენზელ ვაშინგტონის ფილმს „დიდი მოკამათეები“.
„ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო გვაქვს, ჩვენი ახალგაზრდების განათლება. ჩვენს ახალგაზრდებს უნდა დავეხმაროთ იმის გაცნობიერებაში, რომ ცხოვრებაში ბევრი სირთულე შეხვდებათ და უნდა დაამარცხონ და უნდა გააკეთონ ის რაც აუცილებელია, რათა იმის გაკეთება შეძლონ რაც სურთ. განათლება ერთადერთი გამოსავალია უგუნურების წინააღმდეგ, წყვდიადის წინააღმდეგ, რათა დიდებულ სინათლეს ეზიარნენ.“
„ყველანი ნიჭიერები ხართ, მინდა იცოდეთ, რომ დაბალანსებული გუნდი მჭირდებოდა! თუ ვერ მოხვდით ეს წაგებად არ ჩათვალოთ! არც ინტელექტის დენიგრაციად. დენიგრაცია ლათინურიდან მოდის და დამცირებას, შერცხვენას, გაშავებას ნიშნავს. ყოველთვის გვახსენებენ ხომ ასეა ლექსიკონიც, ზანგი, პროფესორიც ამას ამბობს... რატომღაც შავი ყოველთვის დამცირებას ნიშნავს. ახალი ლექსიკონები დაწერეთ, ცხოვრება შეცვალეთ გუნდში მოხვედრის ან არ მოხვედრის მიუხედავად.
ფილმის გმირები საინტერესო პერსონაჟები არიან თავიანთი სუსტი და ძლიერი მხარეებით. დებატები აძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ არგუმენტებით დაამტკიცონ თავიანთი უპირატესობა, თუნდაც ის, რომ კანის ფერი არ უნდა განსაზღვარვდეს შენს სტატუსს, რომ ცვლილებების დრო ყოველთვის არის და ეს უნდა დაიწყოს დღესვე!

Friday, August 13, 2021

წიგნი გიშლის ახალ სამყაროს

გამომცემლობა "პალიტრა L"

აგვისტოში საკითხავი წიგნი

#იკითხესაუკეთესო 

მემუარები...  ეს არის პიროვნების მიერ საზოგადობრივ ცხოვრებაში მომხდარი სხვადასხვა ამბის, მოვლენის შესახებ მოგონებები. ლიტერატურის ეს ჟანრი იმით არის მომხიბვლელი, რომ ავტორი რეალურად მომხდარ მოვლენებს, ობიექტურად, ზუსტად, მკაფიოდ გადმოსცემს. მემუარების ლიტერატურული მნიშვნელობა მე-18 საუკუნეში განმანათლებლების ეპოქაში გამოიკვეთა. ადამიანისა და მისი ცხოვრების გარემოებების ინტერესი დღესაც აქტუალურია. ართურ გოლდენის „გეიშას მემუარები“, მკითხველისათვის თუნდაც იმიტომ არის საინტერესო, რომ აღწერილ მოვლენებს და ფაქტებს მთხრობელის თვალით ვუყურებთ, მასთან ერთად განვიცდით და გვტკივა...

რა იმალება გეიშას ფერუმარილით შეღებილი სახის მიღმა, რომელიც ხელოვნურ ეფექტს იძენს და „ნოს“ დრამის ნიღაბს ჰგავს. ერთი შეხედვით გეიშების ცხოვრება მიმზიდველად გამოიყურება - სავსეა ლამაზი ცერემონიებით, თუმცა, ვერავინ წარმოიდგენს, რა ძალიან მომქანცველი, ინტრიგებით გადახლართული, დამღლელი პროცესია... გეიშას სურვილი ეკრძალება, გეიშას გრძნობები ეკრძალება, გეიშა მოუხელთებელ სამყაროს ქმნის... ის ცეკვავს, მღერის, მამაკაცებს ატკბობს, სურვილებს უსრულებს, დანარჩენი კი წყვდიადითაა დაფარული. დანარჩენი საიდუმლოა... დაუჯერებელია, მაგრამ პირადი განცდების და სიყვარულის გამოხატვა ეკრძალებათ: „ჩვენ, გეიშები იმიტომ  როდი ვხდებით, რომ ბედნიერ ცხოვრებას მიველტვით, არამედ იმიტომ რომ არჩევანი არ გვაქვს“... გეიშებად უმთავრესად ღარიბი ოჯახის ბავშვები ხდებოდნენ, რომელთაც მშობლები ყიდდნენ... 75 იენად გაყიდული პატარა ჩიოც ბედის განგებამ  გეიშების სახლში, ოკიაში  მოახვედრა, რომ არა დედის ავადმყოფობა, თავადაც დედა და მეუღლე გახდებოდა თავის ზღვისპირეთში...  კიოტოს შესახებ  მხოლოდ ის ეცოდინებოდა, რომ არის დიდი ქალაქი, სადაც სატვირთო ხომალდებით თევზი გადააქვთ.  ნეტავი როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება?..

გეიშების სახლში გადასული გოგონა თავდაპირველად მოსამსახურის მოვალეობას ასრულებდა, ალაგებდა, რეცხავდა... შემდეგ ის ხდებოდა რომელიმე გეიშას უმცროსი და, რომელიც ეხმარებოდა „პროფესიის“ დაუფლებაში. ბეჯითად უნდა ესწავლა მუსიკა, ცეკვა, საუბრის ხელოვნება, მანერები, ეტიკეტი, რომელიც მფარველის ყურადღების მიპყრობის  საუკეთესო გზა იყო, სულით და არა სხეულით... გეიშები საკუთარ ხელოვნებას ყიდიან. ისინი განსხვავებულ და იდუმალ სამყაროს ქმნიან, სადაც  ცეკვის სილამაზე მეფობს. თვითონ სიტყვა გეიშაც - ნიჭიერ ხელოვანს ნიშნავს. გეიშად ყოფნა ხელოვნების ცოცხალ ნიმუშად ქცევის ტოლფასია, სადაც სილამაზე და ტანჯვა განუყოფელი მცნებებია.

„სამყარო არც ერთი ჩვენგანისთვის არ იმეტებს იმდენ სიკეთეს, რამდენსაც ვიმსახურებთ“. ეს საიურის ისტორია, ქალის რომელსაც ბედმა გეიშობა არგუნა. ნიტა საიურის ცხოვრება დაგაფიქრებთ, დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე თავისი რომანტიული და  ამავე დროს დრამატული ცხოვრებით.

ართურ გოლდენის "გეიშას მემუარების" მიხედვით, რეჟისორმა ბობ მარშალმა ფილმის ეკრანიზაცია გააკეთა 2005 წელს. ეს არის ეპოსი იდუმალი და ეგზოტიკური სამყაროს შესახებ.