Friday, August 13, 2021

წიგნი გიშლის ახალ სამყაროს

გამომცემლობა "პალიტრა L"

აგვისტოში საკითხავი წიგნი

#იკითხესაუკეთესო 

მემუარები...  ეს არის პიროვნების მიერ საზოგადობრივ ცხოვრებაში მომხდარი სხვადასხვა ამბის, მოვლენის შესახებ მოგონებები. ლიტერატურის ეს ჟანრი იმით არის მომხიბვლელი, რომ ავტორი რეალურად მომხდარ მოვლენებს, ობიექტურად, ზუსტად, მკაფიოდ გადმოსცემს. მემუარების ლიტერატურული მნიშვნელობა მე-18 საუკუნეში განმანათლებლების ეპოქაში გამოიკვეთა. ადამიანისა და მისი ცხოვრების გარემოებების ინტერესი დღესაც აქტუალურია. ართურ გოლდენის „გეიშას მემუარები“, მკითხველისათვის თუნდაც იმიტომ არის საინტერესო, რომ აღწერილ მოვლენებს და ფაქტებს მთხრობელის თვალით ვუყურებთ, მასთან ერთად განვიცდით და გვტკივა...

რა იმალება გეიშას ფერუმარილით შეღებილი სახის მიღმა, რომელიც ხელოვნურ ეფექტს იძენს და „ნოს“ დრამის ნიღაბს ჰგავს. ერთი შეხედვით გეიშების ცხოვრება მიმზიდველად გამოიყურება - სავსეა ლამაზი ცერემონიებით, თუმცა, ვერავინ წარმოიდგენს, რა ძალიან მომქანცველი, ინტრიგებით გადახლართული, დამღლელი პროცესია... გეიშას სურვილი ეკრძალება, გეიშას გრძნობები ეკრძალება, გეიშა მოუხელთებელ სამყაროს ქმნის... ის ცეკვავს, მღერის, მამაკაცებს ატკბობს, სურვილებს უსრულებს, დანარჩენი კი წყვდიადითაა დაფარული. დანარჩენი საიდუმლოა... დაუჯერებელია, მაგრამ პირადი განცდების და სიყვარულის გამოხატვა ეკრძალებათ: „ჩვენ, გეიშები იმიტომ  როდი ვხდებით, რომ ბედნიერ ცხოვრებას მიველტვით, არამედ იმიტომ რომ არჩევანი არ გვაქვს“... გეიშებად უმთავრესად ღარიბი ოჯახის ბავშვები ხდებოდნენ, რომელთაც მშობლები ყიდდნენ... 75 იენად გაყიდული პატარა ჩიოც ბედის განგებამ  გეიშების სახლში, ოკიაში  მოახვედრა, რომ არა დედის ავადმყოფობა, თავადაც დედა და მეუღლე გახდებოდა თავის ზღვისპირეთში...  კიოტოს შესახებ  მხოლოდ ის ეცოდინებოდა, რომ არის დიდი ქალაქი, სადაც სატვირთო ხომალდებით თევზი გადააქვთ.  ნეტავი როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება?..

გეიშების სახლში გადასული გოგონა თავდაპირველად მოსამსახურის მოვალეობას ასრულებდა, ალაგებდა, რეცხავდა... შემდეგ ის ხდებოდა რომელიმე გეიშას უმცროსი და, რომელიც ეხმარებოდა „პროფესიის“ დაუფლებაში. ბეჯითად უნდა ესწავლა მუსიკა, ცეკვა, საუბრის ხელოვნება, მანერები, ეტიკეტი, რომელიც მფარველის ყურადღების მიპყრობის  საუკეთესო გზა იყო, სულით და არა სხეულით... გეიშები საკუთარ ხელოვნებას ყიდიან. ისინი განსხვავებულ და იდუმალ სამყაროს ქმნიან, სადაც  ცეკვის სილამაზე მეფობს. თვითონ სიტყვა გეიშაც - ნიჭიერ ხელოვანს ნიშნავს. გეიშად ყოფნა ხელოვნების ცოცხალ ნიმუშად ქცევის ტოლფასია, სადაც სილამაზე და ტანჯვა განუყოფელი მცნებებია.

„სამყარო არც ერთი ჩვენგანისთვის არ იმეტებს იმდენ სიკეთეს, რამდენსაც ვიმსახურებთ“. ეს საიურის ისტორია, ქალის რომელსაც ბედმა გეიშობა არგუნა. ნიტა საიურის ცხოვრება დაგაფიქრებთ, დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე თავისი რომანტიული და  ამავე დროს დრამატული ცხოვრებით.

ართურ გოლდენის "გეიშას მემუარების" მიხედვით, რეჟისორმა ბობ მარშალმა ფილმის ეკრანიზაცია გააკეთა 2005 წელს. ეს არის ეპოსი იდუმალი და ეგზოტიკური სამყაროს შესახებ.



1 comment:

  1. როგორ დამაინტერესა! სურვილი გამიჩნდა მალე წავილითხო <3

    ReplyDelete