Sunday, July 28, 2024

"სიძულვილის ენის გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე"

„მე ვამჯობინე, სიყვარულს მივემხრო. სიძულვილი, ძალზედ მძიმე ტვირთია სატარებლად“. /მარტინ ლუთერ კინგი/ სიტყვებს დიდი ძალა აქვთ! სიტყვები იწყებენ და ამთავრებენ ომს. ისინი ქმნიან და ანგრევენ ოჯახებს, ისინი ტეხავენ და ამთელებენ გულებს. თუ შენ შესაფერისი სიტყვები გაქვს, არაფერია ამ სამყაროში ისეთი, რისი გაკეთებაც არ შეგიძლია. ჩვენი ნათქვამი თითოელი სიტყვა გვახასიათებს და აჩვენებს თუ ვინ ვართ. რაც ითქვა იმის უკან წაღება შეუძლებელია, ამიტომ დიდი დაფიქრება გვამრთებს რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ. რატომ შეიქმნა სიტყვა? - სიტყვა იმიტომ შეიქმნა, რომ რაღაც გაეგებინებინათ, თავი დაეცვათ! რატომ ვლაპარაკობთ? - იმიტომ რომ თავი წარმოაჩინო, ემოციით დაიცალო! რისთვის ვლაპარაკობთ? - სხვას რომ გავაგებინოთ! რატომ ვსაუბრობთ? - რომ უკეთ გაგვიგონ. ყველა სიტყვას უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი, რომელსაც წარმოთქვამს. სულხან-საბა ორბელიანის იგავი „ენით დაკოდილი“ ყველას გვახსოვს, შეიძლება ხელით შეხებამ, დარტყმამ, ხმალმა ან მახვილმა ისე ვერ გავნოს ადამიანს როგორც სიტყვამ. სიტყვები გრძნობებად იქცევა ადამიანის გულში და ჩვენთან რჩება სამუდამოდ. ბავშვებთან ხშირად გამომიყენებია ესეთი აქტივობა, სუფთა ფურცელი დამიკეცავს, დამიკუჭავს და შემდეგ გამიშლია... მერე იმ გაბზარულ ფურცელზე, ურთიერთობებზე ბევრი გვისაუბრია და დასკვნებიც სათანადოდ გამოუტანიათ. მაინც სად გადის ზღვარი აზრის გამოხატვასა და სიძულვილის ენას შორის? აზრის გამოხატვა სხვადასხვა ფორმით შეიძლება განხორცილედეს წერილობით, ზეპირად, ფოტოთი, ნახატით, სიმბოლოთი, მუსიკის ბგერებით, სპექტაკლით, ვიდეოთი, ჯესტით. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლში, აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლებების უფლებები წერია, რომ „დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო“, თუმცა ეს უფლება ისე არ უნდა გავიგოთ რომ მე, რაც მინდა და როგორც მინდა ისეთი ფორმით გამოვხატო ჩემი სათქმელი. სიძულვილის ენა, საფრთხეს უქმნის დემოკრატიული საზოგადოების ერთიანობას, ადამიანის უფლებების დაცვას და კანონის უზენაესობას. ეს არის დისკრიმინაციის ფორმა და მას ფართომასშტაბიანი კონფლიქტისა და მტრული დამოკიდებულებების გამოწვევა შეუძლია. სიძულვილის ენა ხელს უწყობს სიძულვილისა ან ძალადობის გაღვივებას პიროვნების ან პირთა ჯგუფის მიმართ გარკვეული ნიშნის საფუძველზე მაგ. რასობრივი, რელიგიური, ეთნიკური, კუთხური, ეროვნული, სოციალური და სხვა ნიშნის მქონე ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად. ამიტომ დიდი პასუხისმგებლობა გვმართებს ყველას, პოლიტიკოსი იქნება ეს, რელიგიური თუ საზოგადოებრივი ჯგუფის ხელმძღვავნელი, თუ რიგითი მოქალაქე სწორად გამოვხატოთ ჩვენი სათქმელი შეურაცხმყოფელი, აგრესიული და დისკრიმაციული ფორმის გარეშე. სკოლაში გვაქვს ფორმალური დებატების კლუბი, რომელიც ისეთ უნარებს უვითარებს მოსწავლეებს, როგორიც არის კრიტიკული აზროვნება, დროის მართვა, გუნდურობა, მოკვლევის წარმოება, ოპონენტის პატივისცემა და ყველაზე მთავარი რაც არის არგუმენტირებული მსჯელობა და არა ლანძღვა და დემაგოგია! და ბოლოს წერას დავასრულებ აუშვიცის საკონცენტარციო ბანაკიდან გადარჩენილი სიუზან პოლაკის ფრაზით, სადაც ის ამბობს, რომ ჰოლოკოსტი ბარბაროსებს არ ჩაუდენიათ. ეს არ იყო პრიმიტიული საზოგადოება, პირიქით ეს იყო განვითარებული ერი. ყველაფერი დაიწყო სიძულვილის პროპაგანდიდან. „სიძულვილი იწყება პატარა წყაროდან, მაგრამ მას აქვს პოტენციალი, გაძლიერდეს, ამოხეთქოს და როცა ეს მოხდება, მისი შეჩერება დაგვიანებული იქნება“.

Monday, August 29, 2022

"თავდაპირველი ჭეშმარიტებიდან უმცირესი გადახვევაც კი დროთა განმავლობაში გაათასმაგდება" - არისტოტელე

ახალმა ტექნოლოგიებმა ჩვენ ირგვლივ სამყარო შეცვალა. გაჩნდა შესაძლებლობა სწრაფად მიიღო ინფორმაცია, გაიარო ონლაინ კურსები, გაეცნო ნებისმიერ შენთვის საინტერესო თემას, შეინარჩუნო კონტაქტი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასთან, სახლიდან გაუსვლელად გადაიხადო გადასახადები, ონლაინ მაღაზიიდან გამოიწერო შენთვის სასურველი ნივთები და სხვა. ბევრად გამარტივდა ცხოვრება, თუმცა გაჩნდა ახალი საფრთხეები. ინტერნეტმა და ვირტულურმა რეალობამ შეცვალა საგნების აღქმა და სოციალიზაციის გზა. ტრადიციული მედია სოციალურმა მედიამ ჩაანაცვლა, სადაც უამრავი ინფორმაცია იყრის თავს ცალკეული სტატიებისა და რეპორტაჟების სახით. რთულია გაარჩიო რომელია სიმართლე და ტყუილი, ორივე ერთნაირად შიარდება, ლაიქდება და კომენტარებით ივსება. ვის ინტერესებში შედის საზოგადოების ინფორმაციით მანიპულირება? როგორ დავიცვათ თავი, რომ არ გავხდეთ დეზინფორმაციის მსხვერპლი? ეს სერიოზული გამოწვევაა. დეზინფორმაციის ანუ ე.წ. „ფეიქ ნიუსებისა“ და პროპაგანდის საფრთხეზე დღეს ლაპარაკობს ევროპაც. დეზინფორმაცია - ყალბი, განზრახ გავრცელებული ინფორმაციაა, რომელიც ჩრდილს აყენებს კონკრეტულ პირს/პირებს, სოციალურ ჯგუფს, ორგანიზაციას ან სახელმწიფოს. დეზინფორმაცია ხელს უწყობს საზოგადოებაში ქსენოფობიის გაძლიერებას, ეთნიკურ და რელიგიურ დაპირისპირებას. არასწორად გავრცელებული ინფორმაციის გაზიარებით ჩვენც ხელს ვუწყობთ მის გავრცელებას და პროპაგანდას. ამიტომ მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ რეალობასთან შეუსაბამო, მეტისმეტად ცუდ ან კარგ ამბავს და გადავამოწმოთ ის, რამდენად ახალი ინფორმაციაა და როდის არის გამოქვეყნებული, ავტორსა და წყაროს სანდოობას. მხოლოდ google ძიება არ არის საკმარისი ფაქტებისა გადასამოწმებლად, google image search და tineye.com საიტებით ადვილად დაადგენ ფოტო და ვიდეო მასალა ნამდვილია თუ ყალბი. წინააღმდეგ შემთხვევაში გაგვიჭირდება ემოციებით ინფორმაციის სწორად შეფასება. მოსწავლეებში ციფრული წიგნიერების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება მიზანდ ისახავს გამოუმუშაოს მათ ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება, შეძლონ მიკერძოვებული ინტერაქციის, პროპაგანდის, ყალბი ინფორმაციის თუ დეზინფორმაციის შეფასება და თავის არიდება. ადამიანის ღირსების, უფლებების, კულტურული განსხვავევებების, დემოკრატიულობის, თანასწორობისა და სამართლიანობის, სამართლიისა და კანონიერების დაფასება. მე, როგორც სამოქალაქო განათლების მასწავლებელი გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას მერვე კლასში ჩატარებულ გაკვეთილზე „ყალბი ინფორმაციის საფრთხეები“, მოსწავლეებს გავაცანი კონკრეტული ინფორმაციები და ვთხოვე დამხმარე კითხვების საშუალებით ამოეცნოთ იყო თუ არა სანდო ჩემ მიერ მიწვდილი ამბები. გთავაზობთ ამ კითხვარს: 1. ვინ შექმნა ეს მესიჯი? 2. რას წარმოადგენს წყარო? 3. როგორ არის აწყობილი და რა ინფორმაცია არის გამოტოვებული? 4. რა არის ამ მესიჯის მიზანი 5. ვისზეა ეს მესიჯი გათვლილი: ადგილობრივ, ეროვნულ თუ გლობალურ აუდიტორიაზე? ასევე მინდა გირჩიოთ საიტი, რომელსაც როგორც დამხმარე რესურსი აქტიურად ვიყენებ საგაკვეთილო პროცესში, როცა მედია საშუალებებს განვიხილავ http://millab.ge. სტატიის, სათაურებისა და ჟურნალების გარეკანი კარგ საშუალებას წარმოადგენს საავტორო უფლებების, მიზნისა და სანდოობის თემების განხილვისთვის. ჟურნალის გარეკანი სარეკლამო რგოლად ითვლება და ისინი არ ექვემდებარებიან იმავე სიზუსტესა და ეთიკურ მითითებებს, რომელიც ვრცელდება ჟურნალის შიგნით სტატიებსა და ფოტოებზე. სათაურები დაწერილია რედაქტორის მიერ, ვიდრე ახალი ამბების შემქნელის მიერ და შექმნილი სტატიის შესახებ მოკლე ინფორმაციის მისაწოდებლად და ყურადღების მისაქცევად. ამ მხრივ საინტერესოა ონლაინ ამბების სიუჟეტებიც. შეიძლება შეადარონ და შეაპირისპირონ ერთმანეთს კონკრეტული გაზეთის ბეჭდურ და ონლაინ ვერსიებში გამოქვეყნებული ერთი და იგივე ამბავი. დეზინფორმაციასთან ბრძოლა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს და ერთჯერადად ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრებითა და სემინარებით ვერ გადაიჭრება ეს პრობლემა. უნდა შეიქმნას სოციალური რეკლამები, რომელიც აქტიურად იტრიალებს ტელევიზიით და სოციალური ქსელების საშუალებით. მომზადდეს: ბანერები, რომელიც საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გამოიკვრება, ასევე სატელევიზიო გადაცემები და კომპეტენტურმა პირებმა მიაწოდონ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია. მოსწავლე ახალგაზრდობისთვის მოეწყოს საზაფხულო ბანაკები, სადაც საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე აუმაღლდებათ ცნობიერება და შემდეგ როგორც თანატოლგანმანათლებლები თავად იზრუნებენ სხვების სწორად ინფორმირებულობაზე.
გამოყენებული ლიტერატურა: 1. კომუნიკაციების კომისია, - დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა. /ევროკავშირი საქართველოსთვის/ 2.https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E183%9%0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90---%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90/29863561.html 3.https://www.ganmarteba.ge/word/%E1%83%93%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90 4. http://ncp.ge/ge/curriculum/competencies/digital-literacy

Wednesday, August 25, 2021

"წარმატება მიდის მასთან, ვინც ამას ელოდება და მოიპოვებს"

ტეხასში, უნივერსიტეტის ერთი ჯგუფი სტუდენტური დებატებისთვის ემზადება. წინ დიდი ბრძოლა ელოდებათ... მთავარი გამოწვევა რასიზმია. მათი ბრძოლის იარაღი კი სიტყვები. სიტყვა მხოლოდ ბგერების ერთობლიობა არ არის. სიტყვებს სამყაროს შეცვლა შეუძლია! სამყაროც ხომ სიტყვით შექმნა ღმერთმა. წარმოგიდგენთ დენზელ ვაშინგტონის ფილმს „დიდი მოკამათეები“.
„ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო გვაქვს, ჩვენი ახალგაზრდების განათლება. ჩვენს ახალგაზრდებს უნდა დავეხმაროთ იმის გაცნობიერებაში, რომ ცხოვრებაში ბევრი სირთულე შეხვდებათ და უნდა დაამარცხონ და უნდა გააკეთონ ის რაც აუცილებელია, რათა იმის გაკეთება შეძლონ რაც სურთ. განათლება ერთადერთი გამოსავალია უგუნურების წინააღმდეგ, წყვდიადის წინააღმდეგ, რათა დიდებულ სინათლეს ეზიარნენ.“
„ყველანი ნიჭიერები ხართ, მინდა იცოდეთ, რომ დაბალანსებული გუნდი მჭირდებოდა! თუ ვერ მოხვდით ეს წაგებად არ ჩათვალოთ! არც ინტელექტის დენიგრაციად. დენიგრაცია ლათინურიდან მოდის და დამცირებას, შერცხვენას, გაშავებას ნიშნავს. ყოველთვის გვახსენებენ ხომ ასეა ლექსიკონიც, ზანგი, პროფესორიც ამას ამბობს... რატომღაც შავი ყოველთვის დამცირებას ნიშნავს. ახალი ლექსიკონები დაწერეთ, ცხოვრება შეცვალეთ გუნდში მოხვედრის ან არ მოხვედრის მიუხედავად.
ფილმის გმირები საინტერესო პერსონაჟები არიან თავიანთი სუსტი და ძლიერი მხარეებით. დებატები აძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ არგუმენტებით დაამტკიცონ თავიანთი უპირატესობა, თუნდაც ის, რომ კანის ფერი არ უნდა განსაზღვარვდეს შენს სტატუსს, რომ ცვლილებების დრო ყოველთვის არის და ეს უნდა დაიწყოს დღესვე!

Friday, August 13, 2021

წიგნი გიშლის ახალ სამყაროს

გამომცემლობა "პალიტრა L"

აგვისტოში საკითხავი წიგნი

#იკითხესაუკეთესო 

მემუარები...  ეს არის პიროვნების მიერ საზოგადობრივ ცხოვრებაში მომხდარი სხვადასხვა ამბის, მოვლენის შესახებ მოგონებები. ლიტერატურის ეს ჟანრი იმით არის მომხიბვლელი, რომ ავტორი რეალურად მომხდარ მოვლენებს, ობიექტურად, ზუსტად, მკაფიოდ გადმოსცემს. მემუარების ლიტერატურული მნიშვნელობა მე-18 საუკუნეში განმანათლებლების ეპოქაში გამოიკვეთა. ადამიანისა და მისი ცხოვრების გარემოებების ინტერესი დღესაც აქტუალურია. ართურ გოლდენის „გეიშას მემუარები“, მკითხველისათვის თუნდაც იმიტომ არის საინტერესო, რომ აღწერილ მოვლენებს და ფაქტებს მთხრობელის თვალით ვუყურებთ, მასთან ერთად განვიცდით და გვტკივა...

რა იმალება გეიშას ფერუმარილით შეღებილი სახის მიღმა, რომელიც ხელოვნურ ეფექტს იძენს და „ნოს“ დრამის ნიღაბს ჰგავს. ერთი შეხედვით გეიშების ცხოვრება მიმზიდველად გამოიყურება - სავსეა ლამაზი ცერემონიებით, თუმცა, ვერავინ წარმოიდგენს, რა ძალიან მომქანცველი, ინტრიგებით გადახლართული, დამღლელი პროცესია... გეიშას სურვილი ეკრძალება, გეიშას გრძნობები ეკრძალება, გეიშა მოუხელთებელ სამყაროს ქმნის... ის ცეკვავს, მღერის, მამაკაცებს ატკბობს, სურვილებს უსრულებს, დანარჩენი კი წყვდიადითაა დაფარული. დანარჩენი საიდუმლოა... დაუჯერებელია, მაგრამ პირადი განცდების და სიყვარულის გამოხატვა ეკრძალებათ: „ჩვენ, გეიშები იმიტომ  როდი ვხდებით, რომ ბედნიერ ცხოვრებას მიველტვით, არამედ იმიტომ რომ არჩევანი არ გვაქვს“... გეიშებად უმთავრესად ღარიბი ოჯახის ბავშვები ხდებოდნენ, რომელთაც მშობლები ყიდდნენ... 75 იენად გაყიდული პატარა ჩიოც ბედის განგებამ  გეიშების სახლში, ოკიაში  მოახვედრა, რომ არა დედის ავადმყოფობა, თავადაც დედა და მეუღლე გახდებოდა თავის ზღვისპირეთში...  კიოტოს შესახებ  მხოლოდ ის ეცოდინებოდა, რომ არის დიდი ქალაქი, სადაც სატვირთო ხომალდებით თევზი გადააქვთ.  ნეტავი როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება?..

გეიშების სახლში გადასული გოგონა თავდაპირველად მოსამსახურის მოვალეობას ასრულებდა, ალაგებდა, რეცხავდა... შემდეგ ის ხდებოდა რომელიმე გეიშას უმცროსი და, რომელიც ეხმარებოდა „პროფესიის“ დაუფლებაში. ბეჯითად უნდა ესწავლა მუსიკა, ცეკვა, საუბრის ხელოვნება, მანერები, ეტიკეტი, რომელიც მფარველის ყურადღების მიპყრობის  საუკეთესო გზა იყო, სულით და არა სხეულით... გეიშები საკუთარ ხელოვნებას ყიდიან. ისინი განსხვავებულ და იდუმალ სამყაროს ქმნიან, სადაც  ცეკვის სილამაზე მეფობს. თვითონ სიტყვა გეიშაც - ნიჭიერ ხელოვანს ნიშნავს. გეიშად ყოფნა ხელოვნების ცოცხალ ნიმუშად ქცევის ტოლფასია, სადაც სილამაზე და ტანჯვა განუყოფელი მცნებებია.

„სამყარო არც ერთი ჩვენგანისთვის არ იმეტებს იმდენ სიკეთეს, რამდენსაც ვიმსახურებთ“. ეს საიურის ისტორია, ქალის რომელსაც ბედმა გეიშობა არგუნა. ნიტა საიურის ცხოვრება დაგაფიქრებთ, დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე თავისი რომანტიული და  ამავე დროს დრამატული ცხოვრებით.

ართურ გოლდენის "გეიშას მემუარების" მიხედვით, რეჟისორმა ბობ მარშალმა ფილმის ეკრანიზაცია გააკეთა 2005 წელს. ეს არის ეპოსი იდუმალი და ეგზოტიკური სამყაროს შესახებ.