Sunday, July 28, 2024

"სიძულვილის ენის გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე"

„მე ვამჯობინე, სიყვარულს მივემხრო. სიძულვილი, ძალზედ მძიმე ტვირთია სატარებლად“. /მარტინ ლუთერ კინგი/ სიტყვებს დიდი ძალა აქვთ! სიტყვები იწყებენ და ამთავრებენ ომს. ისინი ქმნიან და ანგრევენ ოჯახებს, ისინი ტეხავენ და ამთელებენ გულებს. თუ შენ შესაფერისი სიტყვები გაქვს, არაფერია ამ სამყაროში ისეთი, რისი გაკეთებაც არ შეგიძლია. ჩვენი ნათქვამი თითოელი სიტყვა გვახასიათებს და აჩვენებს თუ ვინ ვართ. რაც ითქვა იმის უკან წაღება შეუძლებელია, ამიტომ დიდი დაფიქრება გვამრთებს რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ. რატომ შეიქმნა სიტყვა? - სიტყვა იმიტომ შეიქმნა, რომ რაღაც გაეგებინებინათ, თავი დაეცვათ! რატომ ვლაპარაკობთ? - იმიტომ რომ თავი წარმოაჩინო, ემოციით დაიცალო! რისთვის ვლაპარაკობთ? - სხვას რომ გავაგებინოთ! რატომ ვსაუბრობთ? - რომ უკეთ გაგვიგონ. ყველა სიტყვას უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი, რომელსაც წარმოთქვამს. სულხან-საბა ორბელიანის იგავი „ენით დაკოდილი“ ყველას გვახსოვს, შეიძლება ხელით შეხებამ, დარტყმამ, ხმალმა ან მახვილმა ისე ვერ გავნოს ადამიანს როგორც სიტყვამ. სიტყვები გრძნობებად იქცევა ადამიანის გულში და ჩვენთან რჩება სამუდამოდ. ბავშვებთან ხშირად გამომიყენებია ესეთი აქტივობა, სუფთა ფურცელი დამიკეცავს, დამიკუჭავს და შემდეგ გამიშლია... მერე იმ გაბზარულ ფურცელზე, ურთიერთობებზე ბევრი გვისაუბრია და დასკვნებიც სათანადოდ გამოუტანიათ. მაინც სად გადის ზღვარი აზრის გამოხატვასა და სიძულვილის ენას შორის? აზრის გამოხატვა სხვადასხვა ფორმით შეიძლება განხორცილედეს წერილობით, ზეპირად, ფოტოთი, ნახატით, სიმბოლოთი, მუსიკის ბგერებით, სპექტაკლით, ვიდეოთი, ჯესტით. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლში, აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლებების უფლებები წერია, რომ „დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო“, თუმცა ეს უფლება ისე არ უნდა გავიგოთ რომ მე, რაც მინდა და როგორც მინდა ისეთი ფორმით გამოვხატო ჩემი სათქმელი. სიძულვილის ენა, საფრთხეს უქმნის დემოკრატიული საზოგადოების ერთიანობას, ადამიანის უფლებების დაცვას და კანონის უზენაესობას. ეს არის დისკრიმინაციის ფორმა და მას ფართომასშტაბიანი კონფლიქტისა და მტრული დამოკიდებულებების გამოწვევა შეუძლია. სიძულვილის ენა ხელს უწყობს სიძულვილისა ან ძალადობის გაღვივებას პიროვნების ან პირთა ჯგუფის მიმართ გარკვეული ნიშნის საფუძველზე მაგ. რასობრივი, რელიგიური, ეთნიკური, კუთხური, ეროვნული, სოციალური და სხვა ნიშნის მქონე ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად. ამიტომ დიდი პასუხისმგებლობა გვმართებს ყველას, პოლიტიკოსი იქნება ეს, რელიგიური თუ საზოგადოებრივი ჯგუფის ხელმძღვავნელი, თუ რიგითი მოქალაქე სწორად გამოვხატოთ ჩვენი სათქმელი შეურაცხმყოფელი, აგრესიული და დისკრიმაციული ფორმის გარეშე. სკოლაში გვაქვს ფორმალური დებატების კლუბი, რომელიც ისეთ უნარებს უვითარებს მოსწავლეებს, როგორიც არის კრიტიკული აზროვნება, დროის მართვა, გუნდურობა, მოკვლევის წარმოება, ოპონენტის პატივისცემა და ყველაზე მთავარი რაც არის არგუმენტირებული მსჯელობა და არა ლანძღვა და დემაგოგია! და ბოლოს წერას დავასრულებ აუშვიცის საკონცენტარციო ბანაკიდან გადარჩენილი სიუზან პოლაკის ფრაზით, სადაც ის ამბობს, რომ ჰოლოკოსტი ბარბაროსებს არ ჩაუდენიათ. ეს არ იყო პრიმიტიული საზოგადოება, პირიქით ეს იყო განვითარებული ერი. ყველაფერი დაიწყო სიძულვილის პროპაგანდიდან. „სიძულვილი იწყება პატარა წყაროდან, მაგრამ მას აქვს პოტენციალი, გაძლიერდეს, ამოხეთქოს და როცა ეს მოხდება, მისი შეჩერება დაგვიანებული იქნება“.